თიანეთის მუნიციპალიტეტი
თიანეთის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი გამორჩეული ერთეულია მცხეთა-მთიანეთის მხარის ადმინისტრაციულ ერთეულებს შორის. მის ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენს დაბა თიანეთი.
მდინარე ივრის მარჯვენა სანაპიროზე, ზღვის დონიდან 1100 მეტრზე, თიანეთის ქვაბულში მდებარეობს დაბა, რომელიც გამორჩეულია თავისი ბუნებითა და ღირსშესანიშნაობებით. თუ კი გავითვალისწინებთ ისტორიას, ნათლად დავინახავთ თიანეთის მრავალმხრივ დანიშნულებას. ზემოთ ხსენებული დაბა წარმოადგენდა კახეთ-კუხეთ-გარდაბნის გაერთიანებული საქორეპისკოპოსოს ცენტრს, რაზეც მიგვანიშნებს მისი ღირსშესანიშნაობები.
თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კლიმატი შედარებით რბილი და მშრალია. მუნიციპალიტეტში მდინარეთა ქსელს წარმოადგენს მდინარე იორი და მისი შენაკადები.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობა და ისტორიული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტში გვხვდება სოფელ ნადოკრასთან, არჩილ მეფის მიერ აგებული მონასტერი, რომელსაც ჩვენ "არჩილის მონასტრის" სახელით ვიცნობთ. ზემოთ ხსენებული ხუროთმოძღვრების ნიმუში VIII საუკუნითაა დათარიღებული. მონასტერშია დაკრძალული სარწმუნოებისთვის წამებული არჩილ მეფე, რომლის გვამიც ქართველ მამულიშვილებს არაბებისგან მოუპარავთ.
უძველესი საეკლესიო ხუროთმოძღვრული ძეგლებიდან უნდა გამოიყოს სიონისა და ჟალეთის ბაზილიკები, რომლებიც შუასაუკუნეების მნიშვნელოვან ძეგლებს წარმოადგენენ. ("წმ. ნინო მცხეთიდან გარდავიდა ერწუდ, დადგა ჟალეთს, დაბასა ედემს და ნათელცა ერწუთიანელთა" - ჟალეთი იყო ქრისტიანული რელიგიის ცენტრი თიანეთში VIII-XIII საუკუნეებში).
სიონის ეკლესია ქართული ხუროთმოძღვრების განვითარების ადრეულ ეტაპზეა აგებული, ხოლო ჟალეთის ბაზილიკა, რომელიც მდებარეობს თბილისიდან თიანეთისკენ მიმავალ გზაზე, ისტორიკოსებისა და სწავლულთა აზრით, IX საუკუნის ძეგლია.
ყოველწლიურად საკმაოდ დიდი რაოდენობით დამსვენებელს იღებს თიანეთის მუნიციპალიტეტში მდებარე დაბა სიონი, რომელიც მდებარეობს სიონის წყალსაცავის ნაპირზე და არის კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტი.
საყურადღებოა ასევე სოფელი ჯიჯეთი, სადაც აღმოჩენილია ციხე-ქალაქის ნაშთი,
რომელიც თავისი არქიტექტურით ანტიკური ხანის სტილსაც ამჟღავნებს. უნდა აღინიშნოს ამ მიდამოებში აღმოჩენილი არქეოლოგიური ნიმუშები - ბრინჯაოს ნივთები და წარმართული რელიგიური კულტის გამოსახულება. ზემოთხსენებული ნივთების ნახვა შესაძლებელია თიანეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.
ასევე ძალიან საინტერესოა სოფელ დულუზაურებში არხლის ციხის კომპლექსი, რომელიც, დიდი ალბათობით, უმნიშვნელოვანესი ისტორიული ძეგლია. არხლის ციხე მდებარეობს თიანეთიდან ჩრდილოეთით, მდინარე ივრის მარცხენა სანაპიროზე.
თიანეთის მუნიციპალიტეტის ისტორიულ მნიშვნელობას ცხადყოფს სიონთან ახლოს მდებარე ბოჭორმის ციხე, რომელიც მეტად მნიშვნელოვანი სტრატეგიული პუნქტი იყო X საუკუნეში უჯარმის შემდეგ. იყო კახეთის პოლიტიკური ცენტრი. მისი აგების თარიღი ცნობილი არ არის. თავდაპირველად დედაციხედ წოდებული იხსენიება სწორედ X საუკუნის დასაწყისში.
ბოჭორმის ციხის შიდა ეზოში მდებარეობს წმინდა გიორგის ეკლესია.
ჟებოტის კომპლექსი არის ბაზილიკა, რომელიც მდებარეობს სოფელ ჟებოტაში და არის გუმბათოვანი სამრეკლოთი აშენებული. ამ ეკლესიას უკავშირდება ლაშა-გიორგის მეუღლის სუსანას თიანეთში მოღვაწეობა. დღეისათვის უკვე რესტავრირებული ეკლესიიდან არაჩვეულებრივი ხედი იშლება და ისტორიულ-რელიგიური დატვირთვის გარდა, სწორედ ამით იზიდავს მნახველს.
აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს ფშავ-ხევსურეთის ეპარქიის სამების საკათედრო ტაძარი, რომელიც 2017 წლის 12 აგვისტოს საზეიმოდ ეკურთხა, თუმცა ჯერ-ჯერობით იგი არ ფუნქციონირებს.
ვაჟა-ფშაველას სახელობის პარკი, როგორც ადგილობრივი მოსახლეობა უწოდებს, "კუჟ-ბაღი" თიანეთში 2009 წლიდან ფუნქციონირებს. ჩამოსული დამსვენებელი წელიწადის ნებისმიერ დროს სწორედ ამ პარკის მონახულებით იქცევს თავს.
ზუსტად 2009 წელს ჩაეყარა საფუძველი "თიანეთობას", როგორც სახალხო დღესასწაულს, რომელიც იმართება ყოველწლიურად აგვისტოს თვეში. სახალხო ფესტივალის ფარგლებში ეწყობა მრავალი ღონისძიება, მათ შორის ისეთი სპორტულ-გასართობი ღონისძიებები, როგორიცაა ჭიდაობა და დოღი, ასევე სიმღერისა და ცეკვის ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი. ფესტივალის სტუმრებს ეძლევათ საშუალება დააგემოვნონ ადგილზე მომზადებული ქართული ტრადიციული კერძები.
თიანეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს ქართველი პოეტის, მირზა გელოვანის სახლ-მუზეუმი, სადაც დაცულია მისი ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მემორიალური ნივთები. "მირზაობა" აღინიშნება ყოველწლიურად 2 მარტს, მის დაბადების დღეზე.
ჩვენი მხრიდან დანაშაული იქნება, თუ თიანეთის მუნიციპალიტეტზე საუბრისას არ ვახსენებთ საბადურის ტყეს, რომელიც თბილისიდან თიანეთისაკენ მიმავალ გზაზე მდებარეობს და მსოფლიოს ულამაზესი ტყეების სიაშია შესული. იგი ეკუთვნის თბილისის ეროვნულ პარკს.
საბადურის ტყე თავისი ზღაპრული პეიზაჟების საშუალებით წელიწადის ნებისმიერ დროს ახერხებს მნახველის გაოცებას. არაერთხელ უწოდებიათ მისთვის "ფერთა ზეიმი", "ზღაპრული გარემო".
გვინდა გაგიზიაროთ ვიდეო, რომლის ნახვის შემდეგაც შეუძლებელია მნახველი აღფრთოვანებული არ დარჩეს თიანეთის ბუნებრივი ღირსშესანიშნაობებით:
https://www.youtube.com/watch?v=gMhj5Vyoxcw&t=6s
თიანეთისკენ მიმავალ გზაზე, საბადურის ტყის გავლის შემდეგ, დამსვენებელს საშუალება ეძლევა გაიაროს "ერწოს ხეივნად" წოდებული გზა, რომელიც ასევე აღსანიშნავია თავისი გამორჩეულობით.
მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტებზე ამომწურავი ინფორმაციის გადმოცემა, ფაქტობრივად, შეუძლებელია, ამიტომ ისევ შემოგთავაზებთ მრავლისმთქმელ ფოტომასალას, რომლის ნაწილიც აღებულია სოციალური ქსელიდან: https://www.facebook.com/Tianetiphoto/
გამოყენებული ლიტერატურა:
რედაქტორი მეტრეველი რ.
მ. ლორთქიფანიძე
დ. მუსხელიშვილი
გამომცემლობა პალიტრა L, 2012
"საქართველოს ისტორია IV საუკუნიდან XIII საუკუნემდე" (ტომი II)
ბოლოს ნანახია 01.06.2019:
https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%97%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%98
https://www.facebook.com/profile.php?id=100009169652816
Comments
Post a Comment