ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულია მცხეთა-მთიანეთის მხარეში და იგი მოიცავს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე ხევის ტერიტორიას. ადმინისტრაციული ცენტრი არის სტეფანწმინდა.
ხევი საქართველოს მაღალმთიანი მხარეა, შესაბამისად, აქაურობას ხანგრძლივი ზამთარი და ხანმოკლე, გრილი ზაფხული ახასიათებს. მწვერვალებზე მუდმივი თოვლი და მყინვარებია, რაც განსაკუთრებულ ხიბლს სძენს ისედაც მრავალმხრივ გამორჩეულ ტერიტორიას. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტი მდიდარია მდინარეებით, ტბებითა და მინერალური წყაროებით. მისი მთავარი მდინარეა თერგი, რომელიც თრუსოსა და დარიალის ხეობებში მიედინება. რაც შეეხება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე მყინვარწვერს, იგი საქართველოს ბუნების მშვენება და მთამსვლელებისთვის მეტად მიმზიდველი მწვერვალია.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტზე საუბრისას აუცილებლად უნდა აღინიშნოს პატარა და მეტად ლამაზი სოფელი ჯუთა, რომელიც მდინარე სნოსწყლის კალთაზეა გაშენებული. მცირე ფართობის მიუხედავად, მოცემული ადგილი მაინც განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ჩვენს ქვეყანაში ჩამოსულ ტურისტებს შორის, რადგან, თუნდაც, მხოლოდ ჯუთას ნახვითაა შესაძლებელი საქართველოს ბუნების სილამაზის აღქმა.
სტეფანწმინდა საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი დაბაა, რომელიც საქართველოს სამხედრო გზაზე მდებარეობს. სწორედ აქ დაიბადა ქართველი მწერალი, დრამატურგი, პოეტი და მსახიობი ალექსანდრე ყაზბეგი. მისი სახლმუზეუმი და ძეგლი, რომელიც მყინვარწვერის ფონზე ლამაზად მოჩანს, სტეფანწმინდის კულტურილი ღირსშესანიშნაობებიდან განსაკუთრებულად აღსანიშნავია.
ყველასათვის ცნობილი გერგეტის სამება ბუნებასთან არაჩვეულებრივადაა შერწყმული. მის კომპლექსში შედის გუმბათოვანი ტაძარი, სამრეკლო, საბჭეო და გალავანი. გერგეტის სამებაში ღვთისმსახურება კვლავაც აღესრულება, გერგეთობა კი აღინიშნება 16 ივლისს, როდესაც მსლოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან საეკლესიო დღესასწაულზე ჩამოსულ მომლოცველთა სიმრავლე არ წყდება ხოლმე.
საქართველოში არსებული სამთო-სათხილამურო კურორტებიდან აუცილებლად აღსანიშნავია გუდაური, რომლის პოპულარობაც ახლომდებარე სამხედრო გზამ განაპირობა. ჩვენს ქვეყანაში ჩამოსული ტურისტების უმრავლესობისთვის გუდაური არის ყოველწლიური დასვენებისთვის საუკეთესო ადგილი.
დარიალის ხეობაზე უძველესი დროიდანვე გადიოდა ამიერკავკასიისა და იმიერკავკასიის დამაკავშირებელი გზა. აქ მდინარე თერგის მარცხენა ნაპირის მაღალ კლდოვან მთაზე მდებარეობს ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი - დარიალის ციხე. ნანგრევებში გაირჩევა ძირითადად ანტიკური და ადრინდელი ფეოდალური ხანის სამშენებლო ფენები.
სიონის კოშკი სოფელ სიონთან, ძველი ეკლესიის მახლობლად, ამაღლებულ ადგილას მდებარეობს. კოშკი ანდეზიტის ქვითაა ნაგები და პირამიდული სახე აქვს. იგი აგებულია X-XII საუკუნეში.
რა თქმა უნდა, ზემოთ მოცემული ინფორმაცია არ არის სრულყოფილი, თუმცა ამ მცირედითაც შესაძლებელია ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ღირსშესანიშნაობების მონახულების სურვილის გაჩენა.
ნაკლული ინფორმაციის შესავსებად საუკეთესო გზა ისევ თვალსაჩინოებაა, რასაც ჩვენ მიერ გადაღებული/ინტერნეტში მოძიებული ფოტოებისა და ვიდეოების საშუალებით წარმოგიდგენთ:
https://www.youtube.com/watch?v=q3gYIICoWJg
ბოლოს ნანახია 31.05.2019:
Comments
Post a Comment