მცხეთის მუნიციპალიტეტი
მცხეთის მუნიციპალიტეტი ისტორიული და კულტურული დანიშნულებით ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და აღსანიშნავი ადმინისტრაციული ერთეულია მცხეთა-მთიანეთის მხარეში. მის ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენს მცხეთა.
მცხეთის მუნიციპალიტეტში, ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, იცის ცხელი ზაფხული და ზომიერად ცივი ზამთარი. მცირე მიწიანობის მიუხედავად, ბუნებრივი პირობების მიხედვით, იგი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიედინება საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მდინარე მტკვარი. აქვეა წოდორეთისა და მუხათგვერდის ტბები, მოიპოვება არტეზიული წყლებიც.
მსგავსი ისტორიული წარსულის მქონე მუნიციპალიტეტი საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. რა გასაკვირია, რომ მათ შორის უმრავლესობა ინტერესდება, პირველ რიგში, სვეტიცხოვლის ტაძრითა და ჯვრის მონასტრით.
სვეტიცხოველი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დედა-ტაძრად არის წოდებული. მასში დაკრძალულია უფლის კვართი და წმინდა ელია წინასწარმეტყველის მოსასხამი და, შესაბამისად, სვეტიცხოველი არის იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი.
მასზე საუბრისას შეუძლებელია არ გაგვახსენდეს ულამაზესი სიტყვები კონსტანტინე გამსახურდიას ნაწარმოებიდან, "დიდოსტატის მარჯვენა" :
"ათასეული წლები წალეკავენ ირგვლივ ყოველივეს, მხოლოდ სვეტიცხოველი დარჩება, როგორც ღმერთთან და სიკვდილთან მებრძოლი იაკობი."
რაც შეეხება ჯვრის მონასტერს, იგი მდებარეობს მტკვრისა და არაგვის შესართავთან, კლდოვანი მთის წვერზე. VI საუკუნის მონასტერი შეტანილია მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.
ზედაზნის მონასტერი მდებარეობს საგურამოს ქედზე, არაგვის მარცხენა ნაპირზე. მისი ციხე გალავანი ძირითადად XVII საუკუნით თარიღდება.
ქალაქ მცხეთის შესასვლელში მდებარე არქეოლოგიურ-ისტორიული ძეგლი პომპეუსის ხიდი არის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი იმისა, რომ მცხეთა მართლაც განსაკუთრებული წარსულის მქონე ადგილია. ამ ხიდს უნდა ემუშავა დაახლოებით ძვ. წ. IV-III საუკუნეებიდან, თუმცა პომპეუსთან დაკავშირებული ისტორიული მოვლენის გამო დღემდე მსგავსად იწოდება.
შიომღვიმე არის ადრეფეოდალური ხანის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მონასტერი. იგი დაარსა მღვიმელად წოდებულმა შიომ, რომელიც იყო ერთ-ერთი ცამეტ ასურელ მამათაგანი. იგი მოიცავს იოანე ნათლისმცემლის ეკლესიას, სამრეკლოს, შიოს სასაფლაო-ეკლესიას, ღვთისმშობლის მიძინების ტაძარს კოშკით, სატრაპეზოს, კლდეში ნაკვეთ მღვიმეებს, ჯვრის ამაღლების ეკლესიას, ბერთა საცხოვრებელ ნაგებობებსა და წყაროს.
აგრეთვე აღსანიშნავია ბებრისციხე, ადრინდელი შუა საუკუნეების ციხესიმაგრე საქართველოში, რომელიც მდებარეობს მდინარე არაგვის მარჯვენა სანაპიროზე. ბებრისციხე, ძველი სახელწოდებით ბელტა, ქართული წერილობითი წყაროებიდან პირველად ახსენა ლაშა-გიორგის მემატიანემ.
სამთავრო არის XI საუკუნის I ნახევრის საეპისკოპოსო ტაძარი მცხეთაში. მისი დეკორატიული მორთულობა ყოველთვის იპყრობს მნახველთა ყურადღებას. დიდი ტაძრის აღმოსავლეთით დგას წმ. ნინოს ეკლესია, სადაც, ისტორიული წყაროების თანახმად, მცხეთაში მოსული ნინო პირველი 3 წელი ცხოვრობდა.
უკეთესი თვალსაჩინოებისთვის გთავაზობთ ნაკლებად ცნობილ ფოტოებს მცხეთის მუნიციპალიტეტიდან.
Comments
Post a Comment